დავით ბერაძე

Tesla-ს შემოსავლები II კვარტალში 12%-ით შემცირდა

1 წუთის წასაკითხი
Presented by

ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად, 12%-ით შემცირდა. Tesla-ს Q2-ის შემოსავლებმა $22.5 მილიარდი შეადგინა. კომპანია აღნიშნულ კლებას მეორე კვარტალში ავტომობილების მიწოდებაში 13%-იან კლებას უკავშირებს. რაც შეეხება წმინდა შემოსავალს, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, Tesla-ს წმინდა შემოსავალი 16%-ით შემცირდა და $1.17 მილიარდი შეადგინა.

Tesla-ს მიერ მარეგულირებლებისაგან მიღებული სუბსიდიების მოცულობა მეორე კვარტალში $439 მილიონით განისაზღვრა, რაც პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის $600 მილიონით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულის მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ წინა ადმინისტრაციის ელექტრომობილების პოლიტიკის ცვლილებაა, რის მიხედვითაც აშშ-ის საჯარო სამსახურებს ავტოპარკის ელექტრიფიცირების ვალდებულება მოეხსნათ.

მიუხედავად შემოსავლების შემცირებისა, ფინანსური ანალიტიკოსები Tesla-ს ზრდას კვლავ პროგნოზირებენ. კომპანიის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას მძიმე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია საფონდო ბირჟაზე აქციების ფასზეც. ფინანსისტების განმარტებით, ინვესტორებისთვის Tesla-ს AI-ინიციატივები დიდ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა საკუთარ ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ში Tesla-ს მიერ ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, Tesla-ს აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე გასული თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ტრამპის მთავრობაში საკუთარი თანამდებობა დატოვა და პოლიტიკისგან დისტანცირება გადაწყვიტა.

No Content Available

უახლესი

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

გააზიარე სტატია